თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს ევროპარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სანამ რუსული კანონი დღის წესრიგშია, უნდა გაიყინოს EU-სთან მოლაპარაკებები, შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა და დასანქცირდეს ივანიშვილი.
"მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ ჩვენ. ე.ი. არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ზოგიერთი ევროპარლამენტარი. სამარცხვინოს დავარქმევდი მე ამ რეზოლუციას. თუმცა ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში ყველაფერი FARA-ს დოკუმენტში ასახული იქნება და გაიგებს საზოგადოება, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ესეთი რეზოლუციები ძალიან ბევრი გვინახავს, გვახსოვს წინა თვეები... არაფერი ფასი არ აქვს", - ამბობს კალაძე.
ევროპარლამენტში ახლახან მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია.
ასევე, ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. გარდა ამისა, ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუციის შესწორება, რომელიც უვიზო რეჟიმს უკავშირდება.
ერთ-ერთი შესწორების ავტორი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი არის პოლიტიკური ჯგუფი "განაახლე", მეორესი კი "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები", რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
ანა ფოტიგას მიერ წარდგენილი შესწორება მოიცავს ორ პუნქტს:
- მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც "კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ" და "რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს".
- კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დაუშვან მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.
პოლიტიკური ჯგუფის "განაახლე" შესწორება მოიცავს 3 პუნქტს:
- მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი "უცხოური აგენტების" კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც "ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია".
- მოუწოდებს ქართული ოცნების უმრავლეობას, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიცირებული პროექტი, რომელიც "ზღუდავს ლგბტქი უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქი თემაზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე".
- იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.
თავდაპირველად, ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის 5 სამუშაო პროექტი იყო წარმოდგენილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა საერთო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს.